Saturday, May 11, 2013

ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციები


ენების სწავლისა და სწავლების თანმიმდევრული მეთოდების დანერგვისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ევროპის საბჭოს საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციები (CEFR)
ამ დოკუმენტის მიხედვით ენის შემსწავლელის/გამომყენებლის ზოგადი კომპეტენციები შედგება ოთხი ქვეკატეგორიისგან:
1.                    დეკლარაციული ცოდნა – მიიღწევა გამოცდილების (ემპირიული ცოდნა) ან ფორმალური სწავლების შედეგად (აკადემიური ცოდნა).
2.                    უნარები და „ნოუ–ჰაუ“ – სხვადასხვა დავალების შესრულების უნარები.
3.                    ეგზისტენციური კომპონენტები – ინდივიდუალური მახასიათებლები, პიროვნული თვისებები და სხვებისადმი დამოკიდებულება.
4.                    სწავლის უნარი – გამოცდილების მიღების და უკვე არსებული ცოდნის ახალთან ინტეგრირების უნარი.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად ენის შემსწავლელის კომუნიკაციურ კომპეტენციებში ერთიანდება:
·         ლინგვისტური კომპეტენციები – ფონეტიკა, მორფოლოგია, ლექსიკა და სინტაქსი.
·         სოციოლინგვისტური კომპეტენციები – მიმართვის ფორმები სხვადასხვა წრისა თუ ფენის საზოგადოებასთან.
·         პრაგმატული კომპეტენციები – სხადასხვა სიტუაციასა თუ გარემოში შესაბამისად მოქცევის უნარი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ენის ზოგადი და კომუნიკაციური კომპეტენციების საფუძველზე, ენის შემსწავლელი იყენებს იმ უნარებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მოსახერხებელია ნებისმიერი წერითი თუ ზეპირი აქტივობების შესასრულებლად: რეცეფცია, პროდუცირება, ინტერაქცია, მედიაცია.
ენათა ფლობის დონეების ზოგადევროპული სისტემა ენის გამოყენების სამ მნიშვნელოვან დონეს გამოყოფს:
1.      ენის ფლობის ყველაზე დაბალი დონე;
2.      ენის დამოუკიდებლად გამოყენების დონე;
3.      ენის პროფესიული ფლობის დონე.
ზოგადევროპული ენის პოლიტიკა ითვალისწინებს ენათა ფლობის 6 დონიან სისტემას:
      A                                             B                                               C
 ელემენტარული                  დამოუკიდებელი                      პროფესიული
      

A1                     A2                B1                       B2                  C1                       C2                                               
A1 - ენის გასაღები; A2 – ენის საფუძველი;
B1 – ზღვრული; B2 – ზღვრული განვითარებული;
C1 – პროფესიული; C2 – სრულყოფილი. (ვოლდემარ მარტინიუკი, ენობრივი კომპეტენციების ევროპული სტანდარტები).
ენის ფლობის დონეების ზრდადობას განსაზღვრავს ენის გამომყენებლის უნარი – „შემიძლია გავაკეთო“. ენის ფლობის ექვს დონედ დაყოფა საკმარისი არ აღმოჩნდა. შეირჩა დესკრიპტორები მოსმენის, კითხვის, საუბრისა და წერისათვის. ამ ენობრივი აქტივობების ენათა ფლობის ექვს პროფესიულ დონესთან დაკავშირებით მივიღეთ თვითშეფასების ტაბულა სწავლის შედეგების ზოგადი დესკრიპტორების გამოყენებით (ფრანსის გულიე, ევროპის საბჭოს ენათა სწავლების ინსტრუმენტები).

Friday, May 10, 2013

მოტივაციის ამაღლების საშუალებები


მოტივაციის ამაღლებისათვის მასწავლებლები სხვადასხვა სტრატეგიებს და ტაქტიკებს მიმართავენ. პირადი დაკვირვებებიდან  გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ, როგორც ყველა კარს თავისი გასაღები სჭირდება, ისევე ყველა მოსწავლეს მოტივაციის ასამაღლებლად განსხვავებული საშუალებები ესაჭიროება. უცხო ენის სწავლებისას მასწავლებელმა ზოგადი მეთოდების და სტრატეგიების თითოეულ ინდივიდამდე განსხვავებულად მიტანა უნდა შეძლოს საჭიროების მიხედვით.
მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალების ეფექტურობის შესამოწმებლად ვაწარმოე დაკვირვება თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში.
ჩვენი სასკოლო პრაქტიკის პროცესში მოტივაციის ამაღლების რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ. წარმოვადგენთ რამდენიმე მათგანს.
·         საკლასო ოთახში დადებითი ატმოსფეროს შექმნა
დავიწყებ იმით, რომ სანამ მასწავლებელი უცხო ენის სწავლებას დაიწყებს საკლასო ოთახში, ჯერ დადებითი ატმოსფეროს და კარგი პიროვნული ურთიერთობების დამყარებაზე უნდა იზრუნოს. აქ მოიაზრება ყველაფერი: რასაც პედაგოგი ამბობს ან აკეთებს; დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი; მგრძნობელობა; მოსმენა და გაგება; მოსწავლეთა აზრის გათვალისწინება; სამართლიანობა; თავაზიანობა; სიხალასე; იუმორი; ენთუზიაზმის გამომჟღავნება და ა.შ.
·         უცხო ენის სწავლებისას მასწავლებელმა მოსწავლეებს მკაფიო მიზნები და შედეგები უნდა დაანახოს.
მოსწავლეს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ რატომ სწავლობს უცხო ენას, რისთვის სჭირდება და რა პერსპექტივები ექნება მას მომავალში. მოტივაცია ხომ პირდაპირაა დაკავშირებული მიზანთან. მოსწავლეებს უნდა დავუსახოთ შორეული და ახლო მიზნები. შორეული მიზანი შესაძლოა იყოს: ენის სრულყოფილად დაუფლება, გამოცდის ჩაბარება სასწავლო წლის ბოლოს, ან თუნდაც, კარგი სამსახური მომავალში. ახლო მიზნებს მივაკუთვნებთ, მაგალითად, თემის კარგად დაწერას, დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობას, პროგრესის შესამოწმებელი ტესტირებისათვის წარმატებით თავის გართმევას და ა.შ.
·         უცხო ენის სწალებისას მოტივაციის ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასწავლო გარემოს.
ყველაზე არაკეთილმოწყობილი საკლასო ოთახიც კი შეიძლება მიმზიდველად ვაქციოთ ვიზუალური მასალის საშუალებით. ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს, განსაკუთრებით კი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს, ძალიან მოსწონთ ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახის კედლები. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ილუსტრირებული პლაკატები, სასწავლო ბარათები (flashcards) და ა.შ. ახალი ლექსიკური ერთეულების გაცნობისას მოსწავლეებს ფერად-ფერადი მარკერებით ვუწერდი უცხო სიტყვებს მუყაოს ფურცლებზე, რომლებსაც შემდგომ, მათივე დახმარებით, ვამაგრებდი კედლებზე და დაფაზე.
·         ასევე საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა უცხო სიტყვების ყუთი.
ახალ სიტყვებს ვწერდით პატარა ბარათებზე სათითაოდ, შემდეგ ვათავსებდით პატარა ქაღალდის ყუთში, რომელიც მოსწავლეებმა ჩემი თხოვნით დაამზადეს. ბავშვები ინდივიდუალურად იღებდნენ სიტყვებს ყუთიდან და მპასუხობდნენ, თუ როგორ იქნებოდა ესა თუ ის სიტყვა ინგლისურად. ვფიქრობ, რომ სიტყვების ყუთმა საკმაოდ გაამართლა, რადგან ყველაზე ნაკლებად მოტივირებული მოსწავლეებიც კი სიამოვნებით ერთვებოდნენ პროცესში და, შესაბამისად, სწავლობდნენ კიდეც უცხო სიტყვებს.
რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვასწავლით, მაგრამ უფრო გადამწყვეტია ის, თუ როგორ ვასწავლით. საინტერესოდ წარმოდგენილი მასალა და აქტივობები უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციის ამაღლებას.   
·         დაკვირვებამ მიჩვენა, რომ უცხო ენის სწავლებისას დიდ და ხანგრძლივ ეფექტს იძლევა თამაშის ტიპის სახალისო აქტივობების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
თამაშობები წარმოადგენს უცხო ენასთან ყოველდღიური ბრძოლისგან თავის დაღწევის კარგ საშუალებას. არებობს უამრავი ინტერნეტ-რესურსი, რომელიც  გვთავაზობს ბევრ საინტერესო და სახალისო მასალას. გარდა ამისა, პედაგოგს თვითონაც შეუძლია მოიფიქროს ჯგუფური თუ ინდივიდუალური თამაშობები. თამაშის ფორმატში სხვადასხვა ენობრივი კატეგორიის შესწავლაა შესაძლებელი. მაგ:, როდესაც მე-5 კლასის მოსწავლეებს ვასწავლიდი დროისა და საათების ამოცნობას ინგლისურად, დაფაზე დავუხატე დიდი საათი, კლასი გავყავი ორ ჯგუფად, ორივე ჯგუფიდან რიგ-რიგობით გამოდიოდა თითო მოსწავლე, ვამბობდი დროს და ისინი ხატავდნენ ისრებს ზუსტი დროის ჩვენებით. გამარჯვებული იყო ის ჯგუფი, რომელიც მეტ ზუსტ დროს გამოხატავდა საათზე.
ხშირად ვიყენებდი თამაშ ’ბინგოს’, რომელიც უამრავ თემას შეიძლება მოვარგოთ. მოსწავლეებს ვურიგებდი სამუშაო ფურცლებს ინდივიდუალურად, რომლებზეც დახაზული იყო ცხრილი (5 უჯრა ჰორიზონტალურად და 5 უჯრა შვეულად). მსგავს ცხრილს დაფაზე წინასწარ ვამზადებდი. დაფაზე თითოეულ უჯრაში ვწერდი თითო სიტყვას ან წინადადებას, მაგ:, ნამყო დროის სწავლებისას თითო ზმნას საწყის ფორმაში. მოსწავლეები შესაბამის უჯრაში წერდნენ იგივე ზმნას წარსულ ფორმაში. ბოლოს ვითვლიდით ბინგოებს, ანუ, გამარჯვებული იყო ის, ვინც მეტ ჰორიზონტალურ, შვეულ ან დიაგონალურ ხაზს შეავსებდა სწორად.
უამრავი და ამოუწურავი მასალა არსებობს ამ კუთხით და მათი გამოყენება საკმაოდ დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე. სწავლის პროცესი თამაშს ემსგავსება და მოსწავლეები დიდ სიამოვნებას იღებენ მისგან. მოსწავლეებს ძალიან მოსწონდათ წყვილებში და ჯგუფური მუშაობები, როლური თამაშები და სიმულაციები, აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენება. ასევე კარგი ეფექტი მივიღეთ სიმღერებით.
უცხო ენის გაკვეთილზე მოსწავლეებს ინგლისურად რომ ესაუბრათ, ამისათვის სასჯელიც კი დავაწესეთ: ვინც ქართულად იტყოდა რამეს, მონაწილეობას არ მიიღებდა უახლოეს ერთ თამაშობაში. ეს ”მკაცრი” სასჯელი ბავშვებმა თვითონ მოიფიქრეს და საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა.  
·         უცხო ენის სწავლებისას საჭიროა ხშირად გამოვიყენოთ თვალსაჩინოებები, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას ამახვილებს და ხანგრძლივი ეფექტი აქვს.
იმისათვის რომ მოტივაცია უფრო დიდი იყოს, შეიძლება მოსწავლეებს ვთხოვოთ თვითონ წარმოადგინონ თვალსაჩინო მასალა, მოიძიონ ან სულაც თვითონ შექმნან იგი.
·         როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად კარგი საშუალებაა ჯილდო.
ეს შეიძლება იყოს უბრალოდ შექება, რაც მოსწავლის კარგი მუშაობის ან კარგი საქციელის შემთხვევაში მასწავლებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიშუროს. ჯილდოს სახით უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან ხშირად ვიყენებდი წებოვან ნახატებს, ე.წ. ‘სტიკერებს’. სანიმუშოდ შესრულებული დავალების შემთხვევაში შექებასთან ერთად ბავშვებს რვეულში ვუკრავდი ლამაზ ‘სტიკერებს’, რაც , ვფიქრობ, ეფექტური საშუალება იყო მოტივაციის ასამაღლებლად. ყველა ცდილობდა დაემსახურებინა არსებული ჯილდო.
ენის სწავლებისას არ უნდა ჩავეჭიდოთ მხოლოდ ერთ მეთოდს, საჭიროა მოვსინჯოთ ბევრი მათგანი, უარეს შემთხვევაში რამდენიმე. რომლებიც უფრო ეფექტური აღმოჩნდება მოტივაციის ასამაღლებლად, შემდგომ ისინი გამოვიყენოთ ხშირად.
ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საგნის სწავლებისას, აქაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები და დავალებები და აქტივობები შესაძლებლობების მიხედვით შევარჩიოთ. უმჯობესია, თუ პირდაპირ არ მივყვებით სახელმძღვანელოს და შევეცდებით მასალა მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით გავამრავალფეროვნოთ. ამისათვის, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, ინტერნეტი ამოუწურავ რესურსებს გვთავაზობს. ბავშვებს ენა უნდა შევაყვაროთ უცხო ენა და არავითარ შემთხვევაში მისი სირთულით არ შევაშინოთ. უბრალოდ, დავანახოთ, რომ უცხო ენის შესწავლა ხანგძლივი, მაგრამ სასიამოვნო პროცესია, რომელიც ბევრ სიურპრიზს უმზადებს მათ.
და, რაც ყველაზე მთავარია, არ დაგვავიწყდეს ღ ი მ ი ლ ი!

უცხო ენის შესწავლისას მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორები


  ზოგადად უცხო ენის შესწავლისას არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
 1. სხვა კულტურასთან ინტეგრაციის სურვილი: უცხო ენის შემსწავლელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სურვილი და დაინტერესება იმ კულტურისადმი, რომლის ენასაც იგი სწავლობს. ეს არის შინაგანი მოტივაცია, რომელიც ენის შემსწავლელს უნარჩუნებს მუდმივ ინტერესს სწავლისადმი.
2. ენის ინსტრუმენტად გამოყენება: ენის შესწავლა ზოგიერთისთვის სამსახურის  ან რაიმე წინსვლის გარანტიას წარმოადგენს.
3. ნაპერწკალი: ეს არის პირველად აღმოცენებული სურვილი უცხო ენის შესწავლისა. თუ ეს ნაპერწკალი საკმაოდ ძლიერია, იგი ყოველთვის იქნება მამოტივირებელი ძალა.
4. კომუნიკაციის სურვილი: გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ ენის შემსწავლელი ხვდება, რისი თქმა სურს და რისი თქმა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ხდება იგი უფრო მოტივირებული და ცდილობს უფრო გაიწაფოს ენაში. (Edurne Scott, Motivation to Learn Another Language, Sep 2, 2008).

მოტივაციის როლი უცხო ენის შესწავლისას


უცხო ენის შესწავლისას მოტივაცია დიდ როლს თამაშობს. ენის შემსწავლელს, უმეტეს შემთხვევაში, ერთი მომენტი მაინც აქვს, როდესაც  მზად არის ფარ-ხმალი დაყაროს და ენის შესწავლას თავი დაანებოს, რადგან იგი ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. ეს კი მოტივაციის ნაკლებობითაა განპირობებული.
ზოგიერთი შესაძლოა ფიქრობს, რომ ნიჭიერი ადამიანი ადვილად და სწრაფად ისწავლის უცხო ენას, მაგრამ მოტივირებული ადამიანი, მეტად თუ არა, ნაკლებად წარმატებული მაინც არ იქნება.
ენის შემსწავლელმა უნდა იცოდეს რა სურს და, რომ უცხო ენის შესწავლა არის გზა ამ მიზნის მისაღწევად!

მოტივაციის გაზომვის კრიტერიუმები


მოტივაციის, გაზომვის  3  ძირითადი კრიტერიუმი  შეიძლება გამოვყოთ (Edurne Scott, Motivation to Learn Another Language, Sep 2, 2008).
1. რა ტიპისაა მოტივაცია: შინაგანი თუ გარეგანი;
2. რა არის მოტივაციის მიზანი: მიზეზი თუ შედეგი;
3. საიდან მოდის მოტივაცია: ინტეგრაციის სურვილიდან თუ ინსტრუმენტული საჭიროებიდან.

რა არის მოტივაცია?


მოტივაცია არის სურვილი, შინაგანი იმპულსი, რომელიც ადამიანს მიზნის  მიღწევის  საშუალებებისკენ უბიძგებს. მოსწავლის მოტივაციის ინიცირება და, მით უფრო, მისი  შენარჩუნება საკმაოდ რთულია. რაც  უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები,  მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად - შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. ის,  რაც ერთ-ერთი მოსწავლისათვის მამოძრავებელ ძალად იქცევა, მეორისთვის შესაძლოა ვერ  იქცეს მოტივაციის წყაროდ.
საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს იმის ასახსნელად, თუ რატომ არიან ხშირად  მოსწავლეები არამოტივირებულნი. მოსწავლეთა საგაკვეთილო  პროცესში ჩართულობის და მათი აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად საჭიროა  დავადგინოთ, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მათ მოტივაციაზე, განვსაზღვროთ  მოტივაციის  ტიპი, მივმართოთ სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მის ასამაღლებლად.
არსებობს მოტივაციის 2 ძირითადი ტიპი: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაცია  არის კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვა, რომელიც შიგნიდან არის გამოწვეული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების თუ რაიმეს აღმოჩენის სურვილით. გარეგანი  მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვა,  რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების მოპოვების სურვილით. (სწავლება და შეფასება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008).
მოსწავლის სასწავლო აქტიურობა შეიძლება განპირობებული იყოს მისი შინაგანი ან გარეგანი მოტივაციით. შინაგანი მოტივაცია არის თვით-მოტივაცია და იგი ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. მისი კომბინაცია გარეგან მოტივაციასთან საუკეთესო წინაპირობაა წარმატებული სწავლისათვის. ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი. მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა.
      ზოგადად მოტივაციის 4 ძირითადი წყარო არსებობს:
1.      საზოგადოება;
2.      მნიშვნელოვანი ადამიანები;
3.      მასწავლებელი;
4.      მეთოდი.