მოტივაციის ამაღლებისათვის მასწავლებლები
სხვადასხვა სტრატეგიებს და ტაქტიკებს მიმართავენ. პირადი დაკვირვებებიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ,
როგორც ყველა კარს თავისი გასაღები სჭირდება, ისევე ყველა მოსწავლეს მოტივაციის
ასამაღლებლად განსხვავებული საშუალებები ესაჭიროება. უცხო ენის სწავლებისას მასწავლებელმა
ზოგადი მეთოდების და სტრატეგიების თითოეულ ინდივიდამდე განსხვავებულად მიტანა უნდა
შეძლოს საჭიროების მიხედვით.
მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალების
ეფექტურობის შესამოწმებლად ვაწარმოე დაკვირვება თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის
მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში.
ჩვენი სასკოლო პრაქტიკის პროცესში მოტივაციის
ამაღლების რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ. წარმოვადგენთ რამდენიმე მათგანს.
·
საკლასო
ოთახში დადებითი ატმოსფეროს შექმნა
დავიწყებ იმით, რომ სანამ მასწავლებელი უცხო ენის
სწავლებას დაიწყებს საკლასო ოთახში, ჯერ დადებითი ატმოსფეროს და კარგი პიროვნული
ურთიერთობების დამყარებაზე უნდა იზრუნოს. აქ მოიაზრება ყველაფერი: რასაც პედაგოგი
ამბობს ან აკეთებს; დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი; მგრძნობელობა; მოსმენა და
გაგება; მოსწავლეთა აზრის გათვალისწინება; სამართლიანობა; თავაზიანობა; სიხალასე;
იუმორი; ენთუზიაზმის გამომჟღავნება და ა.შ.
·
უცხო
ენის სწავლებისას მასწავლებელმა მოსწავლეებს მკაფიო მიზნები და შედეგები უნდა დაანახოს.
მოსწავლეს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ
რატომ სწავლობს უცხო ენას, რისთვის სჭირდება და რა პერსპექტივები ექნება მას
მომავალში. მოტივაცია ხომ პირდაპირაა დაკავშირებული მიზანთან. მოსწავლეებს უნდა
დავუსახოთ შორეული და ახლო მიზნები. შორეული მიზანი შესაძლოა იყოს: ენის
სრულყოფილად დაუფლება, გამოცდის ჩაბარება სასწავლო წლის ბოლოს, ან თუნდაც, კარგი
სამსახური მომავალში. ახლო მიზნებს მივაკუთვნებთ, მაგალითად, თემის კარგად
დაწერას, დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობას, პროგრესის შესამოწმებელი
ტესტირებისათვის წარმატებით თავის გართმევას და ა.შ.
·
უცხო
ენის სწალებისას მოტივაციის ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასწავლო გარემოს.
ყველაზე არაკეთილმოწყობილი საკლასო ოთახიც კი
შეიძლება მიმზიდველად ვაქციოთ ვიზუალური მასალის საშუალებით. ნებისმიერი ასაკის
მოსწავლეს, განსაკუთრებით კი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს, ძალიან მოსწონთ ლამაზად
გაფორმებული საკლასო ოთახის კედლები. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ
ილუსტრირებული პლაკატები, სასწავლო ბარათები (flashcards) და ა.შ. ახალი ლექსიკური
ერთეულების გაცნობისას მოსწავლეებს ფერად-ფერადი მარკერებით ვუწერდი უცხო სიტყვებს
მუყაოს ფურცლებზე, რომლებსაც შემდგომ, მათივე დახმარებით, ვამაგრებდი კედლებზე და
დაფაზე.
·
ასევე
საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა უცხო სიტყვების
ყუთი.
ახალ სიტყვებს ვწერდით პატარა ბარათებზე სათითაოდ,
შემდეგ ვათავსებდით პატარა ქაღალდის ყუთში, რომელიც მოსწავლეებმა ჩემი თხოვნით
დაამზადეს. ბავშვები ინდივიდუალურად იღებდნენ სიტყვებს ყუთიდან და მპასუხობდნენ,
თუ როგორ იქნებოდა ესა თუ ის სიტყვა ინგლისურად. ვფიქრობ, რომ სიტყვების ყუთმა
საკმაოდ გაამართლა, რადგან ყველაზე ნაკლებად მოტივირებული მოსწავლეებიც კი
სიამოვნებით ერთვებოდნენ პროცესში და, შესაბამისად, სწავლობდნენ კიდეც უცხო
სიტყვებს.
რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას
ვასწავლით, მაგრამ უფრო გადამწყვეტია ის, თუ როგორ ვასწავლით. საინტერესოდ
წარმოდგენილი მასალა და აქტივობები უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას და
მოტივაციის ამაღლებას.
·
დაკვირვებამ
მიჩვენა, რომ უცხო ენის სწავლებისას დიდ და ხანგრძლივ ეფექტს იძლევა თამაშის ტიპის სახალისო აქტივობების
ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
თამაშობები წარმოადგენს უცხო ენასთან ყოველდღიური ბრძოლისგან
თავის დაღწევის კარგ საშუალებას. არებობს უამრავი ინტერნეტ-რესურსი, რომელიც გვთავაზობს ბევრ საინტერესო და სახალისო
მასალას. გარდა ამისა, პედაგოგს თვითონაც შეუძლია მოიფიქროს ჯგუფური თუ
ინდივიდუალური თამაშობები. თამაშის ფორმატში სხვადასხვა ენობრივი კატეგორიის
შესწავლაა შესაძლებელი. მაგ:, როდესაც მე-5 კლასის მოსწავლეებს ვასწავლიდი დროისა
და საათების ამოცნობას ინგლისურად, დაფაზე დავუხატე დიდი საათი, კლასი გავყავი ორ
ჯგუფად, ორივე ჯგუფიდან რიგ-რიგობით გამოდიოდა თითო მოსწავლე, ვამბობდი დროს და
ისინი ხატავდნენ ისრებს ზუსტი დროის ჩვენებით. გამარჯვებული იყო ის ჯგუფი, რომელიც
მეტ ზუსტ დროს გამოხატავდა საათზე.
ხშირად ვიყენებდი თამაშ ’ბინგოს’, რომელიც უამრავ
თემას შეიძლება მოვარგოთ. მოსწავლეებს ვურიგებდი სამუშაო ფურცლებს ინდივიდუალურად,
რომლებზეც დახაზული იყო ცხრილი (5 უჯრა ჰორიზონტალურად და 5 უჯრა შვეულად). მსგავს
ცხრილს დაფაზე წინასწარ ვამზადებდი. დაფაზე თითოეულ უჯრაში ვწერდი თითო სიტყვას ან
წინადადებას, მაგ:, ნამყო დროის სწავლებისას თითო ზმნას საწყის ფორმაში.
მოსწავლეები შესაბამის უჯრაში წერდნენ იგივე ზმნას წარსულ ფორმაში. ბოლოს
ვითვლიდით ბინგოებს, ანუ, გამარჯვებული იყო ის, ვინც მეტ ჰორიზონტალურ, შვეულ ან
დიაგონალურ ხაზს შეავსებდა სწორად.
უამრავი და ამოუწურავი მასალა არსებობს ამ კუთხით
და მათი გამოყენება საკმაოდ დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე. სწავლის
პროცესი თამაშს ემსგავსება და მოსწავლეები დიდ სიამოვნებას იღებენ მისგან. მოსწავლეებს
ძალიან მოსწონდათ წყვილებში და ჯგუფური მუშაობები, როლური თამაშები და
სიმულაციები, აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენება. ასევე კარგი ეფექტი მივიღეთ
სიმღერებით.
უცხო ენის გაკვეთილზე მოსწავლეებს ინგლისურად რომ
ესაუბრათ, ამისათვის სასჯელიც კი დავაწესეთ: ვინც ქართულად იტყოდა რამეს,
მონაწილეობას არ მიიღებდა უახლოეს ერთ თამაშობაში. ეს ”მკაცრი” სასჯელი ბავშვებმა
თვითონ მოიფიქრეს და საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა.
·
უცხო
ენის სწავლებისას საჭიროა ხშირად გამოვიყენოთ თვალსაჩინოებები, რომლებიც
ყურადღების კონცენტრაციას ამახვილებს და ხანგრძლივი ეფექტი აქვს.
იმისათვის რომ მოტივაცია უფრო დიდი იყოს, შეიძლება
მოსწავლეებს ვთხოვოთ თვითონ წარმოადგინონ თვალსაჩინო მასალა, მოიძიონ ან სულაც თვითონ
შექმნან იგი.
·
როგორც
ზემოთ აღვნიშნე, გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად კარგი საშუალებაა ჯილდო.
ეს შეიძლება იყოს უბრალოდ შექება, რაც მოსწავლის
კარგი მუშაობის ან კარგი საქციელის შემთხვევაში მასწავლებელმა არავითარ
შემთხვევაში არ უნდა დაიშუროს. ჯილდოს სახით უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან
ხშირად ვიყენებდი წებოვან ნახატებს, ე.წ. ‘სტიკერებს’. სანიმუშოდ შესრულებული
დავალების შემთხვევაში შექებასთან ერთად ბავშვებს რვეულში ვუკრავდი ლამაზ ‘სტიკერებს’,
რაც , ვფიქრობ, ეფექტური საშუალება იყო მოტივაციის ასამაღლებლად. ყველა ცდილობდა დაემსახურებინა
არსებული ჯილდო.
ენის სწავლებისას არ უნდა ჩავეჭიდოთ მხოლოდ ერთ მეთოდს,
საჭიროა მოვსინჯოთ ბევრი მათგანი, უარეს შემთხვევაში რამდენიმე. რომლებიც უფრო
ეფექტური აღმოჩნდება მოტივაციის ასამაღლებლად, შემდგომ ისინი გამოვიყენოთ ხშირად.
ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საგნის სწავლებისას,
აქაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები და
დავალებები და აქტივობები შესაძლებლობების მიხედვით შევარჩიოთ. უმჯობესია, თუ
პირდაპირ არ მივყვებით სახელმძღვანელოს და შევეცდებით მასალა მოსწავლეთა
ინტერესების მიხედვით გავამრავალფეროვნოთ. ამისათვის, როგორც ერთხელ უკვე
აღვნიშნე, ინტერნეტი ამოუწურავ რესურსებს გვთავაზობს. ბავშვებს ენა უნდა
შევაყვაროთ უცხო ენა და არავითარ შემთხვევაში მისი სირთულით არ შევაშინოთ. უბრალოდ,
დავანახოთ, რომ უცხო ენის შესწავლა ხანგძლივი, მაგრამ სასიამოვნო პროცესია,
რომელიც ბევრ სიურპრიზს უმზადებს მათ.
და, რაც ყველაზე მთავარია, არ დაგვავიწყდეს ღ ი მ ი
ლ ი!
No comments:
Post a Comment